ფოთში, მესამე საჯარო სკოლაში ამ წუთებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დღეს გამოვლენილი კორონავურუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, ერთი აღნიშნული სკოლის ექთანს დაუდგინდა.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. მათივე თქმით, ექთანს „კოვიდ 19“ გეგმიური ტესტირების დროს აღმოაჩნდა.
სკოლის დირექტორის, ლელა კემულარიას თქმით, ორშაბათიდან სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
„ეპიდემიოლოგები ამ წუთებში იკვლევენ კონტაქტებს. მეორე ცვლა, რომელიც 13:00-ზე უნდა დაწყებულიყო, არ მოვა. სასურველია დეზინფექცია ჩატარდეს ოთახებში და მთლიანად შენობაში. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ ეპიდემიოლოგები თავიანთ საქმეს გააგრძელებენ. სამინისტროს უკვე შევუთანხმდით და ორშაბათიდან გადავალთ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე“,- განაცხადა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა კემულარიამ.
ბოლო მონაცემებით დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 527, ხოლო გამოჯანმრთელდა 313.
ავტორი: თეა შონია











