ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, თუ გაბათილებული არ არის.
„ქართველი კაცის დაპატიმრება ვის გაუხარდება? საქართველოში ალბათ არავის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც იმედი მქონდა, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა იმ გირაოს, რადგან ერთხელ უკვე გადაიხადა. მეჩვენება, რომ ის თავის თამაშს არ თამაშობდა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ გადაიხდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“ და ამ შემთხვევაში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, თუ გაბათილებული არ არის. მას აქვს ყველანაირი უფლება ადვოკატის მეშვეობით, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. იმედი მაქვს, თანამშრომლობის შემთხვევაში, შეღავათიც ექნება, თუ რამე დანაშაული აქვს, მაგრამ ასეთ დანაშაულებზე, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მკაცრი ზომები მიიღეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.










