ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოებს, საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, გზის გახსნის ზუსტი თარიღი, დროისათვის უცნობია.
„ამინდმა და ალაზნის წყლის დონის დაწევამ საშუალება მოგვცა თუშეთის გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად. ორი მხრიდან, ომალოდან და ფშაველის მხრიდან მოხდა ადგილზე ტექნიკის მობილიზება. ხევებიდან გამოვარდნილი წყლის დიდი ნაკადის შედეგად დაზიანებული გზა რამდენიმე მონაკვეთზე უკვე აღადგინეს. ყველაზე დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი 56 დან 57 -ე კილომეტრებს შორის, სადაც გზა მთლიანად წყალმა დაფარა“,- განაცხადა შიოშვილმა.
ამ დროისათვის აღდგენილია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზაც.
პრევენციული სამუშაოების ჩასატარებლად, სპეციალისტები გარემოს ჯერ კიდევ სწავლობენ.
შეგახსენებთ, თუშეთისა და ლაფანყურის გზები, ორი დღის წინ მოსულმა სტიქიამ დააზიანა, რის გამოც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილი იყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











