„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია იქნება.
კაკულია ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, სააგენტოსთან არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ 2020 წლის შემდეგ, პოლიტიკაში აქტიურად დარჩება.
„არ არის სწორი ახლა ინდივიდუალური განცხადებების გაკეთება. “ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ სექტემბერში სია იქნება. ვფიქრობ, რომ ყველა მისი დღევანდელი წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ამ განცხადებას.
შიდა კონსულტაციები შიდა კონსულტაციებია. თავის დროზე შესაბამისი ორგანო, რომელსაც პოლიტსაბჭო ჰქვია, სიასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მე პირადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ. ეს რა ფორმით მოხდება, ამაზე პროგნოზებს არჩევნებამდე არ გავაკეთებ”,- განაცხადა კაკულიამ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ასევე, შეგიძლიათ, ნახოთ: სად ამჯობინებს “ქართული ოცნება” თეა წულუკიანის დანიშვნას და სად მიდის მამუკა ბახტაძე?!
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











