შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ირაკლი ფანგანი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, დევნის ბრალდებით დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.










