უკრაინის ექს-პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოფიციალურად გახდა ეჭვმიტანილი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის სერგეი სემოჩკის უკანონო დანიშვნის საქმეში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აღსანიშნავია, რომ პოროშენკოს ამის შესახებ წერილობით აცნობეს. დღეს, 10 ივნისს უკრაინის ექს-პრეზიდენტი ადვოკატებთან ერთად გამოძიების სახელმწიფო ბიუროში გამოცხადდა.
საქმე ეხება პოროშენკოს მიერ უკანონო ბრძანების გაცემას. გავრცელებული ცნობებით, საუბარია უკრაინის საზღვარზე მსოფლიოში ცნობილი მხატვრების 43 ნახატის უკანონო გადატანაზე.
ადვოკატები ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკო ბრალდებებს უარყოფს.
სემოჩკის საქმე
2018 წლის ივლისში, სერგეი სემოჩკი, რომელიც კიევის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, პოროშენკომ ის საგარეო დაზვერვის სამსახურის პირველ მოადგილედ დანიშნა.
2018 წლის ოქტომბერში, Bihus.info-ს ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა , რომელიც ირწმუნებოდა, რომ 2015-2017 წლებში, სემოჩკის ოჯახმა სამი ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. გამოძიებაში აღნიშნულია, რომ სემოჩკის ოჯახს დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის მიერ შეძენილი კოტეჯები და სახლები რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირკვევა, რომ სემოჩკოს ჰყავს ნათესავები რუსული პასპორტებით, 200 მილიონი დოლარის უძრავი ქონება და ბიზნესი ოკუპირებულ ყირიმში. ასევე ის გადაადგილდება ავტომობილით, რომელიც არარსებულ ადამიანზეა რეგისტრირებული.











