„პარაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე იქნება. როგორც სააგენტოსთან სანდო კონფიდენციალურმა წყარომ განაცხადა, მმართველი პარტია სალუქვაძის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.
ამასთან, წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია ამირან სალუქვაძისთვისაც მოულოდნელი იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობა ექსპერტისთვის ჯერ არ შეუთავაზებია.
ამირან სალუქვაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარისას პოლიტიკაში წასვლა და „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსი არ გამორიცხა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, მასსა და მმართველ პარტიას შორის კომუნიკაცია ჯერ არ ყოფილა.
„ჩემთვის ეს ინფორმაცია სრულიად სიახლეა. დადასტურებით არაფრის თქმა შემიძლია, სანამ საუბარი არ შედგება. ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია.
ნაფიქრი მაქვს პოლიტიკაში შემოსვლა. რამდენიმე მეგობარი აქეთკენ მიბიძგებს და რა თქმა უნდა, პოლიტიკაში წასვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა ნაადრევად არაფრის თქმა შემიძლია.
ამ საკითხზე საუბარი უნდა შედგეს. ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირებულებები, პრინციპები, რა მიზნითაც უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, ამ საკითხების გავლა ჩვეულებრივი თემაა“,- განაცხადა სალუქვაძემ.
კითხვაზე, პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში, ვიხილავთ თუ არა მას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად? სალუქვაძე გვპასუხობს:
„თუ მოლაპარაკება შედგება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პოლიტიკაში მოსვლას არ გამოვრიცხავ, რატომაც არა?! ზოგს ახასიათებს საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება და მოძრაობის შექმნა. ვფიქრობ, ეს არის საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა. არჩევნებს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები მიზერული მონაცემებით ამთავრებენ ხოლმე.
მთავარი პარტიის სიმრავლე არ არის. მთავარია ღირებულებები და იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური საქმიანობა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების ხმა მიიტანო და მოქალაქეებს ემსახურო“,- განაცხადა სალუქვაძემ.
„ქართული ცნების„ საარჩევნო სიაში კიდევ ერთი ექსპერტი ნიკა მეტრეველი, შესაძლოა ვიხილოთ. ამასთან, როგორც „პრაიმტაიმთან“ წყარომ განაცხადა, „მას არ გაუკვირდება, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში ექსპერტი გია აბაშიძეც იყოს”.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპაარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










