პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, – განაცხადა გულუაშვილმა.
პროკურორის განცხადებით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად მოსამართლემ თავისი ინიციატივით, გადასინჯა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების საკითხი.
„სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ბრალდების მხარემ შეცვალა თავისი პოზიცია პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული იყო პატიმრობა, იმისთვის რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება, მის მიმართ გამოყენებული გირაოს გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს ბრალდების მხარემ საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. ჩვენ ეს შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.
25 თებერვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან, დღეს გამართულ სასამართლო პროცესამდე, დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა გაერკვია რეალურად ბრალდების მხარის შემოთავაზება და გარკვეულწილად ეწარმოებინა დაცვის მხარეს, ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.











