გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რაშიც შესაძლოა ნაადრევი არჩევნები ან ცესკოში ცვლილებების შეტანა შედიოდეს,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ. არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შეიძლება ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა – რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს.
ზუსტად, რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა, და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება“, – აცხადებს კრემერი.









