ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, პარტია 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.
ტრაგედიას, ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











