გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა დაახლოებით ათამდე მხარდამჭერთან ერთად ჩაიხანაში შეიჭრა და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემა.
მომხდარზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი” მმართველი პარტიის წევრ დეპუტატს დავით მათიკაშვილს დაუკავშირდა.
„ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციულ ქმედებებს არ ეშვება. ბოლნისის რაიონის სოფელ ნახეჯვარში გოგი მეშველიანის მხარდამჭერები პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომელსაც მეშველიანის მხარდამჭერები არ წამოეგნენ.
ამის შემდეგ, იგივე განმეორდა – არც ამ მცდელობას არ წამოეგნენ „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატის აქტივისტები.
მესამედ „ქართული ოცნების” ოფისთან, ხელკეტებით შეიარაღებული 25-30 კაციანი ჯგუფი მივიდა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მეშველიანის მხარდამჭერებს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს სერიოზული დაზიანებები აქვთ მიყენებული.” – ამბობს დავით მათიკაშვილი.











