ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვში დღეს დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უკრაინაში ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა.
ორ წონით კატეგორიაში – 65 და 79 კილოგრამებში, კონკურენცია ქართული ფინალით დაგვირგვინდა. 65-ში ივერიკო ჯულაყიძე ჩემპიონი გახდა, შოთა ფარტენაძემ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. 79-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტარიელ გაფრინდაშვილი ავიდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ევსემი შველიძე დაამარცხა.
ფარტენაძისა და შველიძის გარდა, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნიკა ზაქაშვილი (57 კგ), ოთარ ბაგაური (74 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ). ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან საქართველოში გოგა ძიგუა (57 კგ), თორნიკე ქათამაძე (65 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ბექა ჭელიძე (92 კგ).
![]()
![]()








