თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შიმშილობას დაიწყებს.
„პირადა მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე. გაგზავნილია ოფიციალური წერილი. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, ყველას წინაშე ვაცხადებ, რომ დავიწყებ შიმშილობას“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშილის დედა.
ოჯახის წევრები ასევე ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვენ.
საელჩოსთან მყოფ თამარ ბაჩალიაშვილის დედას მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა, ბადრი შუბლაძემ და თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.











