საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ტელევიზიებში ეკლესიასა და სასულიერო პირებზე გასულ სიუჟეტებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
მამა ანდრიამ ტელევიზიები ცილისწამებაში დაადანაშაულა.
“შაბათის ფორმულაში გავიდა მორიგი გადაცემა საეკლესიო საკითხზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც წამყვანი საერთოდ ვერ ერკვევა თავად რა თემაზე საუბრობს და ვერც ხვდება რა უხერხულ მდგომარეობაში იგდებს ამით თავს.
მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოიხსენებს მხოლოდ სახელი და გვარით, ამტკიცებს თითქოს ვიღაცამ მოსაყდრის გამორჩევის წესი შეცვალა. მისი რესპონდენტებისთვის მაინც შეეთანხმებინა რის თქმას აპირებდა.
რესპონდენტები (მეუფეს არ ვგულისხმობ) თავისი გაცვეთილი კონსპირაციული თეორიებით, ასჯერ ნათქვამს იმეორებენ. წამყვანი კი ასევე გაცვეთილი სიტყვებით,- “სენსაციური”, “საიდუმლო”, “ჩრდილოვანი ძალები”, “შანტაჟი” და სხვა, ცდილობს მსმენელის ყურადღების მიპყრობას.
ბარნოვი და ტიგინაშვილი რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო გეგმებზე, რომ საუბრობენ ყოველ სიუჟეტში, ესეც აღარა სენსაცია, შევეჩვიეთ.
ასე ყოველდღე რომ კაცი ამტკიცებს რუსული სპეცსამსახურების გეგმებია ჩემთვის ცნობილიო, ამით საკუთარ თავზე რას ამბობს?
სრულიად ცხადია, რომ ყოველ შაბათს ან კვირას, რამდენიმე ტელევიზია ასრულებს საშინაო დავალებას და სულ ერთია რა ხარისხის გამოუვა, ეკლესიაზე რაიმე ცილისმწამებლური სიუჟეტის მომზადებას ცდილობს. მოგეხსენებათ შაბათის საეთერო დრო ძალიან ძვირია ტელევიზიებისთვის, სავარაუდოდ ძვირია ამ აბსურდშიც გადახდილი.
მსგავსი ცილისწამებები ემსახურება მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს ეკლესიისათვის უცხო არ არის და მორწმუნე ადამიანს ეს ვერ დააბრკოლებს.”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.











