ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით,“ – განაცხადა კობახიძემ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.











