„მიგვაჩნია რომ დავით ფურცხვანიძე გამოძიებას მიემალებოდა“, – ასე გამოეხმაურა პროკურორი დავით გუმბერიძე ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას.
დავით გუმბერიძის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეში ახალი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე არსებობდა.
„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
საჯარო სივრცეშიც მოისმინეთ მისი განმარტება, რომ ამერიკაში აპირებდა წასვლას, რათა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რაც პროცესზე განაცხადეს, ეს გახლდათ მორიგი სამუშაო ვიზიტი, რასთან დაკავშირებითაც აპირებდა ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას.
შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძიებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას.
რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. აქ არის ახალი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენ დავასაბუთეთ.
კონკრეტულად ის ფაქტი, რომ პიროვნება ახდენს მტკიცებულების განზრახ პირადი მოტივით ფალსიფიკაციას, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ ეს განმეორებითაც მოხდებოდა. შესაბამისად, შეეცდება გამოძიებას ხელი შეუშალოს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ საქმეს ვგულისხმობთ, რაზეც არის ბრალდებული. ასევე, არ არის გამორიცხული ანალოგიური ქმედება ჩაედინა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
შეგახსენებთ, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა.
დავით ფურცხვანიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა.
გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.











