„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა“,- სააგენტო Reuters-ი საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება.
როგორც Reuters-ი წერს, მაიკ პომპეომ თბილისში პოლიტიკოსებთან და ეკლესიის წინამძღვართან შეხვედრები გამართა, ქალაქის ქუჩებში კი ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით უკმაყოფილო ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა.
გამოცემის ინფორმაციით, მაიკ პომპეომ შეხვედრები გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარ ილია II-სთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მაიკ პომპეომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა.
პომპეომ საქართველოს პრემიერ – მინისტრს განუცხადა : „ვხვდები იმ ტკივილსა და სირთულეს, რომელიც რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება“.
„პომპეომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ყველაფერი ის, რაც დისკუსიითა და დემოკრატიითაა მიღწეული,“- წერს Reuters-ი.
გამოცემა წერს, რომ ათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო:
„მათ ხელში ეკავათ საქართველოს დროშა და პლაკატები, რომლებზეც ეწერა „აშშ- მადლობა, რომ ჩვენს თავისუფლებას მხარს უჭერ“, „არჩევნები გააყალბა რუსმა ოლიგარქმა“.











