თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურ ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საგუშაგო გახსნას, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
რუსეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ცენტრისგან დამოუკიდებლად თურქეთის მიერ სადამკვირვებლო პოსტის განთავსება საჭირო არ არის.
„ყველაზე დიდი უთანხმოება არსებობს თურქეთის სამეთვალყურეო საგუშაგოს გარშემო, რომლის მოწყობაც ანკარას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სურს. რუსეთი მიიჩნევს, რომ რეგიონში ასეთი საგუშაგოს გახსნა საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა თურქეთი სხვაგვარად ფიქრობს“, – განუცხადა Reuters-ს წყარომ.
ანონიმური წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მოსკოვში გაგრძელდება.











