„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადების შემდეგ, როგორ უნდა მიმართოს სამადაშვილმა მხარდამჭერებს, რომ გიორგი ვაშაძეს დაუჭირონ მხარი ისნის მაჟორიტარულ ოლქში, მან ასე უპასუხა:
„ყოველთვის იქნება ადამიანები, ვინც რაღაცას ლაპარაკობენ. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს მათ უფრო აზიანებს. ჩვეულებრივად, მხარდაჭერა მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში. მათ წარმატებას ვუსურვებ „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. ის ნაბიჯი, რაც მე გადავდგი, ამიტომ გადავდგი. ავიღე ეს პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი პროფესიონალები იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია. 2018 წელს პირველმა ტურმა უჩვენა, რომ 62% იყო ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა. ეს მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ გავზარდოთ 70-75%-მდე. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ოპოზიციის ოპოზიციონერობა „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიისთვის არის სასარგებლოდ გაკეთებული საქმე. თუ ასეთი კინკლაობა ერთ სამუშაო ადგილს მაინც შექმნის ქვეყანაში კი ბატონო, ვიკინკლაოთ ყველამ და ტალახი ვისროლოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი ვაშაძემ „გაერთიანებული ოპოზიცია“ თაკო ჩარკვიანთან ერთად დატოვა. საკუთარი გეგმების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ხვალ 12:00 საათზე ისაუბრებს.
ამასთან, გუშინ სალომე სამადაშვილმა რომ გიორგი ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, რომელსაც სამომავლოდ საკუთარ ხედვები აქვს.
პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ თავი ჭორაობას და მიხედონ საქმეს“- „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2020











