უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი კრისტიან დანიელსონის ქვეყანაში მეორედ ვიზიტს ეხმაურება.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, კრისტიან დანიელსონს, როგორც ჩანს, აქვს კიდევ იმედი, რომ ოპოზიცია ულტიმატუის ენას შეცვლის.
„ეს სიტუაცია და მდგომარეობა, რაც გვაქვს იმ კუთხით, რომ ოპოზიციის ნაწილი უარს ამბობს, მანდატი, რომელიც მოქალაქეებისგან მიიღეს, განახორცილონ, მათ სურთ, რომ დასრულდეს და ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. რაც შეეხება იმედებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ფასილიტაციის, ასევე მედიაციის პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული. მთავარი არის შემდეგი, მათ, ბატონ დანიელსონს, როგორც ჩანს, აქვთ კიდევ იმედი, რომ ოპოზიციამ შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეულწილად ის ულტიმატუმის ენა, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩვენ მედიაციის პროცესის პირველი ეტაპის დასრულებისას ოპონენტებისგან მოვისმინეთ ორი რამ: პირველი – ის, რომ მათი კომპრომისი მდგომარეობდა იმაში, რომ საერთოდ მონაწილეობას იღებდნენ ამ მოლაპარაკებაში და მეორე- ორი საკითხი, რაც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეებს და განმეორებით არჩევნებს, იყო დაყენებული ულტიმატუმის სახით, რომ უნდა გადაწყვეტილიყო სწორედ ისე, როგორც ისინი ითხოვდნენ. ასე რომ, იმედია ოპონენტები კონსტრუქციულად მიუდგებიან ამ პროცესს, იფიქრებენ საკუთარ ქვეყანაზე და არა პარტიაზე და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეთანხმება,”- განაცხადა პაპუაშვილმა.










