რუსეთმა გაბუნია უნდა დასაჯოს – რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრ შერინი გიორგი გაბუნიას რუსული კანონმდებლობით დასჯას ითხოვს. ინფორმაციას Tsargrad-ი ავრცელებს.
შერინის თქმით, გამოძიება ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსკოვში ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის მუხლით უნდა დაიწყოს.
„არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული. აღიძვრება საქმე და მერე, უბრალოდ, ამ პირის გამოთხოვა მოხდება“, – ამბობს შერინი.
შერინმა ასევე განაცხადა, რომ გაბუნიას უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს „ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს.“
დუმის დეპუტატი ამბობს, რომ ჟურნალისტმა თავისი პირადი დამოკიდებულება გამოხატა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ასევე, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება საქართველოს ინტერესებში შედის, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ძირითადი წყარო რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.











