საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ რუსეთზე დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდის პროცესი აღსრულების პროცესშია და მართალია რუსეთის ფედერაცია მანამდე უარს აცხადებდა საერთოდ ამ თემის განხილვაზე, ახლა გადახდის “რაღაც ფრთხილი ნიშნები შეინიშნება”.
“ჯერჯერობით, ეს საქმე არის აღსრულების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ძალისხმევა მიმართულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ მიაქცევდით ყურადღებას, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე პრესრელიზიც, სადაც ვთქვით, რომ გამოჩნდა ფრთხილი ნიშნები.
მანამდე, როდესაც რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებდა საერთოდ ამ თემის განხილვაზე, გადახდის, ახლა რაღაც ფრთხილი ნიშნები შეინიშნება, როდესაც მან დაიწყო განხილვა შესაძლებლობის, ევროპის საბჭოს მეშვეობით, ამ თანხის გადმორიცხვის.
ახლა წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი არის მაინც განგრძობადი ძალისხმევის საგანი, მაგრამ რუსეთის ფედერაციას ასევე, 10 თებერვლამდე მიეცა ვადა, რომ ჩამოყალიბდეს ამ საკითხზე, თუ არა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს უკვე კონკრეტულ ღონისძიებებს. ეს არის სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თუმცა ყოველ შემთხვევაში, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრი ღონისძიებები,” – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, საუბარია რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ქართველების გამოძევებაზე, რის გამოც სასამართლომ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.











