„სააკაშვილს ტყვეობაში ყავს აყვანილი გუშინ შექმნილი არც თუ ისე ხელწამოსაკრავი პარტიები, რომლებმაც მოკლე დროში შეძლეს გარკვეული ხმების დაგროვება და მათ უკეტავს ყველანაირ მომავალს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილს მალე გაემიჯნებიან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა, ავტომატურად სააკაშვილის მოკავშირეობას ნიშნავს.
„იმედი მაქვს, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები, თუ არა რვავე პარტია იპოვის ძალას, რომ სააკაშვილს გაემიჯნოს. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა რაც არ უნდა იძახოს, რომ მე ვდგავარ მიშასთან მარტო იმიტომ რომ მინდა „ქართული ოცნების“ ჩამოშორება, ეს არის რა თქმა უნდა ბავშვური და ამას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. თუ შენ დგახარ სააკაშვილთან ერთად, რა თქმა უნდა შენ ხარ მისი მოკავშირე. სააკაშვილს კი ტყვეობაში ყავს აყვანილი გუშინ შექმნილი არც თუ ისე ხელწამოსაკრავი პარტიები, რომლებმაც მოკლე დროში შეძლეს გარკვეული ხმების დაგროვება და მათ უკეტავს ყველანაირ მომავალს. სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი უნდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ის მხოლოდ ოცნებას არ განიხილავს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, ის ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ასევე არ განიხილავს მის ამჟამინდელ მოკავშირეებს და ეს მოკავშირეები, ვინც 1% და ცოტა მეტი აიღო, რაც მალე მიხვდებიან, რომ ისინი არიან სააკაშვილის მოკავშირეები, რაც არ უნდა ბრაზობდნენ არ ახსენოთ მიშაო, ისინი დღეს სააკაშვილის მოკავშირეები არიან, იმედი მაქვს ამისგან გათავისუფლდებიან, საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს და იმ მომავლის პერსპექტივას, რომელიც თავიანთივე შრომით გააჩინეს, უკვე პარლამენტში განავითარებენ, რომ ჩამოყალიბდნენ ძლიერ ოპოზიციად და რატომაც არა – მომავალ ხელისუფლებად, მაგრამ ეს მომავალი ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მიშა სააკაშვილი“, – განაცხადა წულუკიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.











