საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. შუალედური ანგარიში სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ფარავს.
საიას კვლევის მიხედვით, სექტემბერი ზოგადად ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა, რამაც ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს საგანგაშო ხასიათი მიიღო.
„ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია,“- აღნიშნულია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით აკვირდება.











