სახელმწიფო კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ გაწყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ფრონტერას“ საშუალება ექნება საქმიანობისთვის გამოიყენოს სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%.
„ვინაიდან, საერთაშორისო არბიტრაჟისგან „ფრონტერა“-ს მიერ კონტრაქტის არსებითად დარღვევის ფაქტის დადასტურებამ შექმნა მასთან კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი, მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შეატყობინა „ფრონტერა“-ს ამ განზრახულობის შესახებ. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერა“-ს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა.
მიუხედავად ამისა, სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, ქართულმა მხარემ „ფრონტერა“-ს შესთავაზა, კონტრაქტის შეწყვეტის სამთვიანი პერიოდის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გახანგრძლივება, რათა დავის მოგვარების სივრცე საბოლოოდ არ დახურულიყო და გაგრძელებულიყო პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული ორმხრივი კომპრომისების ძიება, რაზედაც „ფრონტერა“- მ ასევე უარი განაცხადა.
დღეს კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა“-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერა“-მ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
დავით ზალკალიანი „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება










