პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე „ნაცმოძრაობას“ არ გაურიგდა. ამის შესახებ მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კანონპროექტი ჩავარდება, ეს უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
„უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერანაირად იქნება და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე არ გაურიგდა ნაცმოძრაობას და მათ ქვედანაყოფებს.
მათთვის მთავარია, რომ გავრცელდეს ხმა, რომ პოლიტიკური პატიმარი ჰყავს საქართველოს და მისი გამოშვება დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მაგათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება რურუა. მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ლიდერი ციხეში უფრო მეტი სალაპარაკოა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.











