საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ვიზიტი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების მხოლოდ საწყისია. ვეპატიჟები პრეზიდენტ ზელენსკის 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს და შემდგომ ეს გადაიზარდოს ბათუმის კონფერენციასა და სამიტში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე ზურაბიშვილმა ზელენსკის მომავალ წელს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშვნა საქართველოში უკრაინის, ხოლო უკრაინაში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებით შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.
„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.











