ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლება საფრთხეს უქმნის მიშელის დოკუმენტის შესრულებას და იმ პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, რასაც მიზნად ისახავდა ამ დოკუმენტის გაფორმება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრამდე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ძალადობა ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ცხადია, ჩვენი საუბრის თემა პირველ რიგში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც სწორედ მიშელის დოკუმენტი ჰქვია. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ეს შეთანხმება. მაგალითად, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. დაარღვია ეს შეთანხმება, როდესაც არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები რიგ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.











