სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით,გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
„რეგიონის მასშტაბით 26 სექტემბერს გაიტესტა 477 მოქალაქე, დადებითია 13. სამი მათგანი ზუგდიდის მაცხოვრებელია და ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერს მიეკუთვნება. ერთი ინფიცირებული არის ფოთში მცხოვრები და ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულის მეუღლე. სამი ინფიცირებული გურია – იმერეთიდანაა, ხოლო 6 ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრნი არიან ე. წ. საბერიოს კლასტერიდან. რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 72 პირს. 69 პაციენტი მოთავსებულია რუხის კლინიკაში და გადიან მკურნალობას. მათგან 4 მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. ასევე ფოთის კლინიკაში მკურნალობს 39 პაციენტი“, – ამბობს მალხაზ თორია.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის კლინიკაში, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1 სენაკიდან და 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან. რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებს, იქ 172 მოქალაქე იმყოფება.
ავტორი: თეა შონია











