საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ.
ჯერჯერობით უცნობია ვინ ესწრება შეხვედრას და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ. დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია. ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს. ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. დაშავებული ჟურნალისტი წუხელ თბილისში „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ხერხემლის მეოთხე მალა აქვს მოტეხილი.











