ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინზე განაცხადა.
„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის ხელშეკრუელებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ შეგვიძლია ამ ვაქცინებით დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დაზუსტებულია თარიღი, როდესაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, თუმცა კონტრაქტიდან გამომდინარე, თარიღის დასახელება არ შეუძლია.
28 ივნისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად 254 737 პირი აიცრა.











