უკრაინა, საქართველო, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა და საქართველო ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უერთდებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილებას შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.
მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები.
სანქციები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტის, ინვესტიციების განხორციელებასა და ტურისტული მომსახურების გაწევის აკრძალვას მოიცავს.











