„საქართველოს მხარდასაჭერ აქტში“ კიდევ ერთხელ არის აღიარებული და ხაზგასმული ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„აშშ-ის ახალ კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდასაჭერი აქტი არის ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული ორპარტიული მხარდაჭერისა და ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა. თავად ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად არის აქტუალური აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილებია გაჟღერებული პრესრელიზში. კიდევ ერთხელ არის აღიარებული და ხაზგასმული ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ მიმდინარე ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიას. თავად ეს აქტი არის უპრეცედენტო, რადგან მასში არის საუბარი სანქციებზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან ბმაში. აქტი ავალებს სახელმწიფო მდივანს 90 დღის განმავლობაში წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს გამოყოფილი კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით აშშ-სთან მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი შესაბამის პროცედურებს გაივლის და იქნება მიღებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.











