ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო, გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ისეთი შეთანხმებით უნდა დასრულდს, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
“რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ ისეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვას, კარგად ბრძანდებოდეთ ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და შემდეგ გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება, ასეთი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს.
ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო, გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.
შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მოწადინებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებით. ბუნებრივია, ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.










