ვმსჯელობთ, რომ კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ერთ მაგიდასთან შეიძლება იყოს ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ეკონომიკის სამინისტროში სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ღია სივრცეების გახსნის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ხორციელდება რეკომენდაციების დაცვა, თუმცა სოციალური ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები კვლავ ფიქსირდება ამ სექტორში. ახლა ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ასევე, მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ შეხვედრას უშუალოდ რეგულაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, რომელიც ბიზნესის გახსნის შემდგომ, უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ მდგრადობას.
რესტორანი მიიჩნევა მაღალი რისკის შემცველ ობიექტად იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ობიექტზე სერვისის მიღების დროს პირბადის ტარება არ ხდება, ამასთან დაყოვნების რეჟიმი არის საკმაოდ მაღალი, რაც ზრდის ინფექციის გადაცემის რისკებს. ამიტომ, ჩვენ ვმსჯელობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ერთ მაგიდასთან ადამიანთა რაოდენობა და თუ ეს იყო ექვსი ადამიანი, ახლა შეიძლება იყოს შიდა სივრცეში ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი ადამიანი. ეს იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ. ეს არის ის სიახლე, რომელზეც ჩვენ კიდევ გვაქვს მსჯელობა და პარასკევის შეხვედრაზე კიდევ დეტალურად გავაანალიზებთ ამ პროცესს.
ასევე, ზედა ზღვარი უნდა იყოს დაწესებული. კვადრატულობაზე იქნება დამოკიდებული ადამიანთა მაქსიმალური დაშვება, რითაც ჩვენ დავარეგულირებთ, რომ ეს არ იყოს სოციალური ღონისძიება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.











