დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-5 ათასი შემთხვევეის გამოვლენას არ პროგნოზირებდა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, კრიტიკა იმის შესახებ, რომ ზაფხულში არაფერი გაკეთებულა, არასწორია.
„გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა – გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო.
პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 – და 5 ათასამდე შემთხვევა და ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე გითხარით – იმან, რომ ზაფხულში ჩვენ (ქართველებს ეს გვახასიათებს) დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ ნახოთ, ყოველთვის გეუბნებოდით და ვამბობდით, რომ კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რეკომენდაციები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. იცით, რომ „აგვიფეთქდა“ ბათუმი, ამას მოჰყვა დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, ამას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-1700 შემთხვევით დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში ავედით 3 ათასსა და მეტზე, ეს იყო სწორედ მობილობების კუდი და გამოხატულება, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. ჩვენ იდეალური არ ვართ არავინ, არც ქვეყანაა ჩვენი იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 39.











