შეზღუდვების შემსუბუქება და გახსნა სავაჭრო მოლების მსგავსად ავეჯის მაღაზიებსაც ეხება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„ეს ეხება ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ ვხედავთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს, ამით კი, ეპიდემიოლოგიურად საფრთხე ექმნება თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოვახდენთ მსგავსი ტიპის ობიექტების მონიტორინგს”, – განაცხადა ფერაძემ.











