აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დღეს ისევ განახლდება. აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ გაშლილ კარვებში.
ოპოზიციის განცხადებით, ისინი პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 22:00 საათიდან ძალაში შედის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, გადაადგილების შეზღუდვის შესახებ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას 22:00 საათისთვის და პოლიციას მოუწოდებენ, არ დააჯარიმონ აქციის მონაწილეები.
„რადიკალურ ზომებზე გადასულია ხელისუფლება. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციას და დამოუმორჩილებლობაც არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა. რაც შეეხება პოლიტიკურ – სამედიცინო გადაწყვეტილებას, არ დავემორჩილები მე პირადად. ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასრულებული აქვს, გამოსულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ეს არაა სამედიცინო გადაწყვეტილება. ეპიდვითარება მძიმეა ბევრი რამის გამო, ჯანდაცვის უნიათობის გამო მათ შორის,“ – განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ანთაძემ.
შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











