შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხდებით, დეპარტამენტმა დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღზე გასცა. ამის შესახებ მან გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შრომის ინსპექცია ამოწმებდა ბაღებს, დღეის მდგომარეობით 1 500-მდე ბაღია შემოწმებული და მათ მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ დღეს შეფერხების გარეშე ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი. იყო ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა დაგეგმილია, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი სრულად აღდგება. ყველა სხვა შემთხვევაში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამით ჩვენ ფაქტობრივად, დავასრულეთ როგორც სკოლამდელი, ასევე პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტების შემოწმება და ფაქტობრივად, მზაობა ასეთ დაწესებულებების მხრიდან მაქსიმალურია“, – აღნიშნა ფერაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა. გამონაკლისია თბილისის რამდენიმე ბაღი, სადაც პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.











