შინაგან საქმეთა სამინისტროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი გამოკითხეს.
როგორც ვარდიაშვილმა შსს-ს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა გამომძიებლებმა კითხვები დაუსვეს ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებითაც, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
„ყველა კითხვას გავეცი პასუხი. მკითხეს, საიდან ვიცნობდი თამუნას ან ბაჩანას. რეალურად, ბაჩანას არ ვიცნობ. თამართან ბოლოს კონტაქტი მქონდა ჩინეთთან დაკავშირებით. ჩინეთში ვიყავი წასული და მკითხა, როგორ მომწონდა, როგორი ხალხი იყო ჩინელები. ჩინეთში ვიყავი ნოემბერში და მაშინ მომწერა. შემდეგ კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა
კითხვაზე, იყო თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის მხრიდან მუქარა, ვარდიაშვილი პასუხობს:
„მუქარა არა, უბრალოდ მითხრა, რომ გადასცემდა ჩემს ინფორმაციას, დამიბარებდნენ. ის, რომ თეთრიწყაროში ვიყავი კარანტინში. მე ვიყავი ჩემს ბიძასთან და ბიძაშვილთან სტუმრად ჩასული და შემდეგ მომიწია კარანტინში ყოფნა. ჩაკეტეს, ვერც სახლიდან გავდიოდი, შემდეგ წამოვედი თბილისში და მერე მოხდა ეს ამბები“, – თქვა ვარდიაშვილმა.
შეყვარებულის შესახებ არაფერი ვიცოდი, ბაჩანამ მომწერა შარშან ზამთარში, რომ ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა და მთხოვა, გამაცანი, დამაახლოვეო. ჩვენ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, შორიდან მყავდა ნანახი ეს ბაჩანა და მესენჯერში მომწერა. გამარჯობაც არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. რომ თქვა, თამუნამ გამაცნოო, უარვყოფ ამ ინფორმაციას. ბაჩანა და თამუნა რომ ერთმანეთს იცნობდნენ, არ ვიცოდი.
გამოძიებამ ძალიან ბევრი კითხვა დამისვა თამუნასთან, ბაჩანასთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, როგორი გოგო იყო, ჰქონდა თუ არა ჩაკეტილი ბუნება. ვუთხარი, რომ არა, ძალიან მხიარული, საყვარელი გოგონა იყო, კეთილი. ყველას ეხმარებოდა, ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური იყო“, განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა.











