„სტუდენტებმა და მათმა პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად თუ აუდიტორიებში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
როგორც იგი აღნიშნავს, ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ.
„ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით – ითხოვს სწავლის გაგრძელებას და დაწყებას. ჩვენ, ჩვენს ახალგაზრდებს დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და ამიტომ, მათ აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინებები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს ან დისტანციური სწავლება ან აუდიტორიებში სწავლება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს.
რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და მათმა პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად – მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, თუ აუდიტორიებში – მათ ამის შესაძლებლობაც აქვთ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა, როდესაც ვირუსთან თანაცხოვრების დაბალანსებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები საუნივერსიტეტო სივრცეებში განახლდება.











