ამ მოლაპარაკებაში „ქართულმა ოცნებამ“ მართლა მოუგო ოპოზიციას, თან ახვეწნინა და ისე. რეალურად კი, პოლიტიკოსებმა ხალხის მიღმა „ივაჭრეს“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემა, ან პროპორციული უნდა იყოს, ან შერეული, რადგან – დამსგავსებული, უბრალოდ არ არსებობს.
„2019 წლის 20 ივნისს რაც მოხდა, ეს იყო ხალხის მონაპოვარი და მე, როგორც ხალხის რჩეულმა, მხარი დავუჭირე სწორედ ხალხის მონაპოვარს – პროპორციულ სისტემას და არა მიახლოებულ პროექტს -„ოცნების“ დამახინჯებულ ვარიანტს! კენჭისყრაშიც მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მონაწილეობა. ორმა ძალამ, რომელთა ინტერესებიც მუდმივად უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს.
ისე, გასაკვირი არც არის, მათი პერსონებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდად პოპულარობით არ სარგებლობენ და იმიტომ. და კიდევ, რაც ასევე უმთავრესია, ადრე მაჟორიტარებს ფეოდალებად მოიხსენებდნენ და ახლა რა ქნეს, ამ შემცირებით გაუმსხვილეს საფეოდალოები?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.











