თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.
როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კამერების ამოღებასთან დაკავშირებით შსს-ს ჯერ პასუხი არ აქვს და ამ საკითხზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბაჩალიაშვილის დედა კვლავ მოითხოვს გახარიასთან შეხვედრას.
„ისევ მივიღეთ დაპირებები და მე ისევ მსურს გახარიასთან შეხვედრა. მინდა პირადად თვალებში ჩავხედო და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე. გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეა, რაც გადმოიბარეს ეს საქმე და დრო სჭირდებათ, რომ გაეცნონ მასალებს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რაც შეეხება მედიით გავრცელებულ კადრებს ბაჩალიაშვილის შესაძლო გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ უწყებაში ამ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. „სამწუხაროდ პასუხები ვერ მივიღე. მითხრეს, მასე შეუძლიათ ძალიან ბევრი თქვანო და მაგას ჩვენ ვერ მივყვებითო“.
„დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომელიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების აღმოჩენას. თეთრიწყაროს რაიონში. საკალმახე „ადმირალთან“ არის რაღაც კამერები და ისინი უნდა დათვალიერდეს“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.











