თბილისში პერსონალის დაინფიცირების გამო დახურული ბაგა-ბაღებიდან 4 უკვე გაიხსნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მერია მკაცრად იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს..
„ყველა მოთხოვნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია. როდესაც პერსონალი გაიტესტა, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, 8 ბაღში მომუშავე ადამიანებსს კოვიდი დაუდასტურდა, შესაბამისად, 8 ბაღი არ გაიხსნა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს. ასევე, ტესტირების შედეგად 46 ბაგა-ბაღში პერსონალს და ზოგ შემთხვევაში ბავშვებს დაუდასტურდათ კოვიდი, შესაბამისად, ეს ბაღები დაიხურა, თუმცა უკვე 4 ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა.
ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვეკიდებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს. ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც არის აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“,- განაცხადა კალაძემ.











