თელავში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონები ბებიასთან, სტუმრად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში იმყოფებოდნენ.
დღეს, 8 სექტემბერს, ისინი ოჯახთან შეუთანხმებლად თელავში გაემგზავრნენ და მამის დედას შეხვდნენ.
„ბავშვები, თელავში, ბოლოს ნახა, მამის დედამ. მას ბავშვებმა უთხრეს, რომ სახლში ჩამოართვეს ტელეფონები და პროტესტის ნიშნად, ისინი აპირებდნენ თბილისში წასვლას. ბებიამ ისინი ჩასვა ყვარლის მიკროავტობუსში და გაგზავნა უკან, მაგრამ გოგონები თელავშივე უკან ჩამოვიდნენ და არ ჩანან“ – განაცხადა დეიდამ, ლალი შილდელაშვილმა.
დეიდის განმარტებით, გაუჩინარებულ დებს ოჯახში პრობლემები არ ჰქონიათ.
არასრულწლოვნების ძებნის საქმეში ჩართულია თელავის პოლიციის სამმართველო. ამ წუთებში, ოჯახის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











