თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. კრიტიკის არავის ეშინია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
„როდესაც დღეს ჩვენ აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს უნდა იყოს სწორად გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ – თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. კრიტიკის არავის ეშინია და წინააღმდეგი არ ვართ. ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით რომელიც არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ არის მიმართული, არამედ სახელმწიფოს წინაშე, – განაცხადა გახარიამ.











