„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ოპოზიციის გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა და შესაძლოა, სამოქალაქო წინააღმდეგობაც დაიწყოს.
„მელია არსად გარბის, რა გირაოა საჭირო? ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებდნენ. მთელი ეს საქმე პოლიტიკურად შეკერილი საქმეა, ყველამ იცის თვითონაც. თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი, თვითონ იპოვნონ როგორც უნდათ და რაც ფორმითაც უნდათ გამოსავალი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული და უტიფარი ბრალდებით, ეს, რა თქმა უნდა, არათუ პოლარიზაციას შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს. საპროტესტო აქციები გარდაუვალია, რადგან მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში, რომელიც ისედაც არსებობს, შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არაფერია გამორიცხული, მათ შორის, სამოქალაქო წინააღმდეგობის სახით, ამ სამარცხვინო და უტიფარი განზრახვის განხორციელების შემთხვევაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა.










