პირველადი მოკვლევის საფუძველზე, რაც რეგულირების სააგენტომ ჩატარა, პაციენტს ყველა საჭირო დახმარება, რაც მას ესაჭიროებოდა, დროულად გაეწია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ის კლინიკები, რომლებიც შერჩეულია ვაქცინაციის პროცესისთვის, ყველა მათგანი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიერ დადგენილ სტანდარტს და ასევე საერთშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს. ხვალისთვის გვექნება დეტალური სია იმისა, თუ რა ღონისძიებები გატარდა. ამ ეტაპისთვის, პირველადი ანალიზის შედეგად ეს ღონიძიებები სრულიად დამაკმაყოფილებელია. ძალიან გთხოვთ, დაველოდოთ რეგულირების სააგენტოს დასკვნას, რომელიც იქნება გამჭვირვალე, პროფესიონალური და მოიცავს ყველა პასუხს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
30 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.











