ცა ჩვენს გულებშია მოწმენდილი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
„ხილვადობა არ არისო, ვერ არის კარგიო, თქვეს, თუ არადა მოწმენდილია ცა, მაგრამ ეს ჩვენს გულებშია მოწმენდილი. მათთვის ძალიან მრუმეა ის ყველაფერი, რასაც უყურებენ, ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და ამიტომ არის, რომ უკუღმართად მოქმედებენ. დიდი მადლობაო პოლიციასო, გმირები არიანო, ასე თქვეს დღეს. თვითონ იჯერებენ და უნდათ, სხვებსაც ასე დააჯერონ. ვინ არის გმირი, მეგობრებო. ათასი შეიარაღებული თავით ბოლომდე კბილებამდე პოლიციელი, რომელმაც მოქმედება დაგეგმა, ასევე კბილებამდე მტრობით შეიარაღებულმა მთავრობის წევრები, თუ ნიკა მელია, რომელიც მშვიდად, წყნარად იჯდა, თუ იდგა, თუ დადიოდა და ათასი შეიარაღებული დასჭირდა მის დატუსაღებას, რომელია გმირი“, – განაცხადა ჩხეიძემ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











