წარსულს საზოგადოებამ უკვე მისცა შეფასება, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სიღნაღში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„დღეს ყველა მოქალაქეს აინტერესებს რა იქნება მომავალში. ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა, მზად ვართ რომ თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც.
ჩვენ მომავალში უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ განათლებას და შევქმნით უფრო მეტ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი, უფრო კონკურენტული ცოდნა და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და ამისთვის, უნდა გავაძლიეროთ, ისეთი პროგრამების მუშაობა, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის მცხარდაჭერის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამები” – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მნიშვნელოვან მიღწევად, საარჩევნო სისტემის შეცვლა დაასახელა.
„ჩვენ შევცვალეთ და ჩავატარეთ საკონსტიტიციო რეფორმა, ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა. ნახეთ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ოპოზიციაში ყოფნისას, საკონსტიტუციო რეფორმას ხმა არ მისცა. „ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც, ხელისუფლებაში ყოფნისას, შეცვალა საარჩევნო სისტემა“ – თქვა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











